სამეურვეო საბჭოს წევრების განსხვავებული პოზიციები

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელ საბჭოს და ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკს სამეურვეო საბჭოს მიმართ კითხვები აქვთ.

მიზეზი ის შეფასებებია, რომელიც საბჭოს დაკვეთით ხუთმა ექსპერტმა მოამზადა. ერთი თვის განმავლობაში ექსპერტები „მოამბის“ მთავარ გამოშვებას და არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს აკვირდებოდნენ. გაჩნდა კითხვა, რატომ გახდა საჭირო ექსპერტთა ცალკე ჯგუფის მოწვევა, როცა მაუწყებლის ეთერში გასული გადაცემების მონიტორინგი და ტელევიზიის პროგრამულ პრიორიტეტებთან მათი შესაბამისობის დადგენა, სწორედ სამეურვეო საბჭოს ფუნქციაა. კვლევის მონაწილეებს საკუთარ შეფასებებში რამდენიმე კითხვაზე უნდა გაეცათ პასუხი. მათ შორის იმაზე, თუ რამდენად დაბალანსებული და ობიექტურია პირველი არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები, რამდენად აქტუალურია გაშუქებული თემები და აისახება თუ არა ეთერში პოზიციების და პოლიტიკური იდეოლოგიების მრავალფეროვნება.

ცალკეული გამონაკლისების გარდა, ექსპერტების შეფასებები ძირითადად  ნეგატიურია და ზოგიერთ შემთხვევაში ფაქტობრივ უზუსტობებსაც მოიცავს.