სამეურვეო საბჭოს სხდომა

პირველი არხის ახალ შენობაში საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა დღესაც გაიმართა.

ბორდის წევრებს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, „მოამბის“ პროდიუსერები და თოქშოუების წამყვანები შეხვდნენ. პირველი არხის თანამშრომლებმა იმ ბრალდებებზე ისაუბრეს, რაც ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მისამართით ისმის. მათ კატეგორიულად გამორიცხეს სარედაქციო პოლიტიკაში რაიმე ფორმის ჩარევა და მსგავსი ბრალდებების ავტორებს კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენისკენ მოუწოდეს. ითქვა ისიც, რომ ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული პროცესები, მათ შორის ბრალდებები, ბულინგი და შეურაცხყოფა გარედან მართული პროცესია. სხდომაზე გადაწყდა, რომ პირველი არხის იურისტები არხის მენეჯმენტის და პროცესების გაშუქებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე მოკვლევას დაიწყებენ. შედეგების შესახებ კი ინფორმაცია როგორც საზოგადოებას, ისე სამეურვეო საბჭოს წევრებს და ბრალდებების ავტორებს მიეწოდება. თანამშრომლების შემდეგ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გენერალურმა დირექტორმა და მისმა მოადგილემ ისაუბრეს.