პარლამენტმა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრად მიხეილ ჩიკვილაძე დაამტკიცა.
ჩიკვილაძეს მხარი დაუჭირა 94-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ კი არც ერთი დეპუტატი წავიდა. საკანონმდებლო ორგანომ მიხეილ ჩიკვილაძე საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ სამ კანდიდატს შორის დაამტკიცა. ჩიკვილაძის გარდა, კანდიდატებს შორის იყვნენ მანანა ღოღობერიძე და ნინო მინდიაშვილი.
საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ღია კონკურსში ცხრა კანდიდატი მონაწილეობდა. საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზაზა შათირიშვილმა პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით 24 დეკემბერს მიმართა. ზაზა შათირიშვილი სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყო არჩეული.