სამეცნიერო კონფერენცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ავთანდილ ჯორბენაძის მემორიალურ რეზიდენტთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება კარდიოლოგიის დარგში რეზიდენტების მონაწილეობით, ავთანდილ ჯორბენაძის იდეა იყო, რომელიც მისი პირადი ინიციატივითა და პატრონაჟით უნდა განხორციელებულიყო. კონფერენციის მიზანი ახალგაზრდა ექიმების სამეცნიერო მუშაობის მოტივაციის, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების, ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბების, პრეზენტაციისა და დისკუსიის უნარის გაზრდას ემსახურება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ყოფილი მინისტრის ოჯახის წევრები, მეგობრები, კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრები, საქართველოს წამყვანი კარდიოლოგები. ავთანდილ ჯორბენაძის სახელობის კონფერენცია ყოველწლიურად ჩატარდება და მასში მონაწილეობა შეეძლება ნებისმიერ მსურველ რეზიდენტს კარდიოლოგიასა და მომიჯნავე სპეციალობებში.