სამძიმრის წერილების მიღება არ წყდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები და რელიგიური კონფესიები. განსაკუთრებული მოწიწებით იხსენებენ და პატივისცემით თითქმის ნახევარსაუკუნოვან საპატრიარქო მსახურებას, ილია მეორესთან პირად ურთიერთობებს, მასთან შეხვედრებს, ვიზიტებს და მის შეგონებებს. წერილებში ერისა და ქვეყნის წინაშე გამორჩეულ ღვაწლთან ერთად ხაზგასმულია უწმინდესისა და უნეტარესის განსაკუთრებული ძალისხმევა სხვადასხვა რელიგიურ თემთან ურთიერთობის გაძლიერება-განმტკიცებისთვის და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კავშირების ჩამოყალიბებისთვის. წინამძღვარი, რომელიც სიბრძნით და სიყვარულით მიუძღოდა ერს, ერთობის, მშვიდობის და ერთგულების სიმბოლო, ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობით ქართული ეკლესია ხელახლა დაიბადა, განსაცდელების დროს გამჭრიახობით და შეუპოვრობით მოქმედი – ასეთია შეფასებები, რომელსაც ილია მეორე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან იღებს. რამდენიმე ქვეყნის ეკლესიაში მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდა.