ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე უსამძიმრებს დაღუპული ბავშვების ოჯახებს და ახლობლებს: „უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ, რომელთაც უბედური შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი შვილები დაკარგეს.” – წერს ირაკლი კობახიძე.
ტრაგედიას ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტიც. მიხეილ ყაველაშვილი წერს: „ამ უმძიმეს წუთებში გულითად სამძიმარსა და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს“ – აღნიშნავს ყაველაშვილი.
ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს პარლამენტის თავმჯდომარეც. „სიტყვები უძლურია, გადმოსცეს ის ტკივილი, რომელიც ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანში გამოიწვია. ღრმა მწუხარებით და უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმელებს და ჩვენს საზოგადოებას“. – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.
სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც. „სიტყვებით რთულია, გადმოსცე ის ტრაგედია, რომელიც „ოცნების ქალაქში” დატრიალდა. უბედური შემთხვევის დეტალებს გამოძიება სწავლობს. ვუსამძიმრებ ოჯახებს, შეუძლებელია სანუგეშო სიტყვების პოვნა ასეთ დროს.“ – წერს თორნიკე რიჟვაძე.