სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიანმარში

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, მიანმარსა და ტაილანდში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მიანმარში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1640-ს აჭარბებს, დაშავებულია 3400-ზე მეტი ადამიანი. ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარე მიანმარის სიდიდით მეორე ქალაქ მანდა-ლაიში დანგრეული და დაზიანებულია ასობით საცხოვრებელი სახლი. სტიქიის ზონაში დანგრეულია ხიდები და გზები. ერთ-ერთი სკოლამდელი დაწესებულების ნანგრევებში კი ათობით მცირეწლოვანს ეძებენ. გაეროში აცხადებენ, რომ მიანმარში სამედიცინო აღჭურვილობისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია. ჰუმანიტარული დახმარება და მაშველთა რაზმები გაგზავნეს სხვადასხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა. მიანმარში 7.7 და 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 28 მარტს მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდსა და ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშიც. ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 18 ადამიანი, 80-ზე მეტი მოქალაქე კი დაკარგულად ითვლება. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ბანგკოკში მშენებარე ცათამბჯენი ჩამოინგრა და ნანგრევებში ათობით მუშა მოიყოლა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს