ერ-რიადში მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ უკრაინაში ცეცხლი მაინც არ წყდება.
ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინულ და რუსულ დელეგაციებთან ინდივიდუალური შეხვედრების შემდეგ განმარტავს, რომ მიღწეულია შეთანხმებები შავ ზღვაში თავდასხმების და ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშების დროებით შეწყვეტაზე. თუმცა რეალობა სხვაა. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა კვლავ იბომბება, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. პარალელურად კიევიდან და მოსკოვიდან სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება იმ შეთანხმების ტექსტზე, რომელიც საუდის არაბეთში განიხილებოდა. მოსკოვს შავ ზღვაში დროებითი ზავის მისაღწევად საკუთარი პირობები აქვს – მათ შორისაა დასავლეთის მხრიდან რუსული ბანკებისთვის სანქციების მოხსნა, რაც უთანხმოების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. ევროკავშირი ამ პირობის დასაკმაყოფილებლად რუსეთს საკუთარ მოთხოვნებს უყენებს. ხვალ უკრაინის საკითხზე საფრანგეთის დედაქალაქში ევროპელი ლიდერები იმსჯელებენ.