სამაშველო ოპერაცია მამკოდასთან

ღამის ორ საათამდე გაგრძელდა სამაშველო ოპერაცია მამკოდასთან. მაშველები ადიდებული მდინარის მეორე მხარეს დარჩენილი ადამიანების გადმოყვანას ცდილობდნენ.

თავდაპირველად სამაშველო ოპერაცია მდინარე გლდანულას ზედა ნაწილში მდებარე საპიკნიკე ადგილთან დაიწყო, საიდანაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა 70 ადამიანი, მათგან ოთხი ბავშვი მდინარეზე გაჭიმული თოკის მეშვეობით გადმოიყვანეს, 18-მა კი გადმოსვლაზე უარი განაცხადა.

სამაშველო ოპერაცია აღნიშნული ტერიტორიიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით გაგრძელდა, სადაც 15 ადამიანი იყო ჩარჩენილი. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა სპეციალური ტექნიკის მეშვეობით ყველა მათგანის უსაფრთხოდ გადმოყვანა შეძლეს.