„სამართლიანი არჩევნების“ განცხადება და ცესკო-ს პასუხი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ სამართლიანი არჩევნების განცხადებას ეხმაურებიან.

საარჩევნო ადმინისტრაციაში ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და განმარტავენ, რომ უწყება პერიოდულად, საარჩევნო ციკლის შემდეგ ანალიზს უკეთებს საკუთარ საქმიანობას და იღებს სხვადასხვა, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებებს. საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება ფუნქციურ ანალიზზე დაყრდნობით და საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღეს და თანამშრომლების პოლიტიკურ შეხედულებებთან მას კავშირი არ აქვს. ცესკო-დან გათავისუფლებულ პირთა ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები“ დაიცავს. როგორც ისფედში ამბობენ, 2024 წლის 16 დეკემბერს ცესკო-ს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ცესკო-ში რეორგანიზაცია დაიწყო და ექვსი პირი გაათავისუფლეს. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია დაჩქარებულად და დაუსაბუთებლად წარიმართა, სწორედ ამიტომ დაიცავენ გათავისუფლებულთა ინტერესებს. გათავისუფლებულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება მათი ოჯახის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება, ხოლო მათი ნაწილისთვის დღემდე უცნობია გათავისუფლების რეალური მიზეზი. მათივე განცხადებით, გათავისუფლებულ პირთა შორის მოხვდნენ ისინი, ვინც ღიად უჭერდნენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და საჯაროდ დაგმეს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადებები.