სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გეგმები

საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას აძლიერებს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავს კვლავ პრეზიდენტად მიიჩნევს.

„ქართული ოცნების“ მწვავე კრიტიკისა და მის ანტიდასავლურ ნაბიჯებში დადანაშაულებისთვის ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტმა ამჯერად ჰადსონის ინსტიტუტში მოწყობილი დისკუსია გამოიყენა, სადაც ის სპიკერის სტატუსით მონაწილეობდა. ექს-პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს რუსეთის მიერ დაგეგმილ და ორგანიზებულ ქურდობად აცხადებს. ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებას ხელისუფლების არ აღიარებისა და სანქციებისკენ მოუწოდებს. შიდა პროტესტის გაგრძელებით და მმართველ გუნდზე ზეწოლის მოსახდენად საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კოორდინაციით ესახება ახალი არჩევნების მიღწევა ოპოზიციურ სპექტრსაც, რომელიც საკუთარ სტრატეგიას სალომე ზურაბიშვილთან ერთად ადგენს. თუმცა 29 დეკემბრის შემდეგ მეხუთე პრეზიდენტსა და ოპოზიციონერ ლიდერებს შორის კონსულტაციები აღარ გაგრძელებულა. ამ დრომდე არ არის წარმოდგენილი ის დაანონსებული გეგმაც, სადაც ახალი არჩევნების ჩატარების წესები და პირობები უნდა იყოს გაწერილი.