საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასს ღია წერილით მიმართავს. წერილში ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ „საქართველოში დღეს არსებული ვითარება არ არის მხოლოდ გაყალბებული არჩევნებით გამოწვეული შიდაპოლიტიკური კრიზისი, ევროპა ახალი გამოწვევის წინაშე დგას, გამოწვევის, რომელიც მის დემოკრატიულ ხედვას ეწინააღმდეგება და აზიანებს მას“. მისი თქმით, ვითარება კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა და თუ ევროკავშირი ვერ მოახდენს რეაგირებას მკაფიოდ, ერთიანად და კონკრეტული შედეგებით, იგი არა მხოლოდ დაკარგავს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, არამედ შექმნის სახიფათო პრეცედენტს, როცა ევროპის მეზობლად დემოკრატიის უკუსვლასა და რუსეთის ჩარევას არავინ დაუპირისპირდება“. სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს, უპირობოდ დაუჭირონ მხარი ქართველ ხალხს და იმოქმედონ კოორდინირებული პოლიტიკური ნაბიჯებით. მეხუთე პრეზიდენტი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ სტრატეგიული მოთმინების დრო ამოიწურა და ახლა აუცილებელია მორალური სიმტკიცე და პოლიტიკური სიცხადე.