სალომე ზურაბიშვილის შეცვლილი პოზიციები

სალომე ზურაბიშვილის მხრიდან პირველი მწვავე კრიტიკა ბიძინა ივანიშვილის მისამართით.

პრეზიდენტი ყოფილ პრემიერ-მინისტრს ოლიგარქად მოიხსენიებს და მის რუსულ კავშირებზე მიუთითებს. „ლე-მონდთან“ ინტერვიუ ფრანგული მედია-საშუალებებისთვის ბოლო დღეებში მიცემულ ინტერვიუებზე კიდევ უფრო რეზონანსული აღმოჩნდა. სახელმწიფოს მეთაური პირდაპირ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში ნეგატიურ როლს ასრულებს. სწორედ ამ კონტექსტში წარმოაჩენს სალომე ზურაბიშვილი მმართველი გუნდის მხრიდან მისი მისამართით წამოწყებულ იმპიჩმენტის პროცედურას. პოლიტიკიდან წასვლის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის განცხადება პრეზიდენტისთვისაც არადამაჯერებელია. მმართველ პარტიასთან გამწვავებული ურთიერთობის ფონზე სახელმწიფოს მეთაური ბიძინა ივანიშვილს თითქმის არასდროს ახსენებდა. ბოლო კრიტიკული გზავნილები მკვეთრ წინააღმდეგობაშია იმ განცხადებებთან, რომლებსაც ყოფილი პრემიერის შესახებ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად არჩევამდე, საარჩევნო კამპანიის დროს აკეთებდა.