სალომე ზურაბიშვილის მორიგი ვეტო

მმართველ გუნდს პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტოს დაძლევა მოუწევს.

ოპოზიციის მსგავსად, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები სალომე ზურაბიშვილისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა. საუბარია ცესკო-ს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევის ახალ წესზე. კოდექსში შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე შეცვლილი პროცედურა კიდევ ერთხელ დაკორექტირდა. ანუ 90 ხმის ვერ მოგროვების შემთხვევაში ცესკო-ს თავმჯდომარის ხუთწლიანი ვადით ასარჩევად 76 ხმაც საკმარისი იქნება. უქმდება ოპოზიციონერი მოადგილის კვოტაც. მმართველი პარტია პრეზიდენტს ახსენებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელი ხელმძღვანელი თავის დროზე პარლამენტს სწორედ მან წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ ისედაც გამწვავებული ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა. „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს მეთაურს ოპოზიციის მიერ წარმოებულ კამპანიაში ჩართვაში და ცესკო-ს დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.