სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა და ოპოზიციის გეგმები

რა გეგმა აქვს ოპოზიციას ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე და ჩაუდგებიან თუ არა ლიდერები სათავეში საპროტესტო ტალღას? ხელისუფლების ოპონენტების მოქმედების სქემა ამ დრომდე უცნობია. ოპოზიციონერი ლიდერები კონკრეტიკისგან თავს იკავებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მიმდინარე აქციებმა საერთაშორისო გამოხმაურებებისა და სანქციების ფორმით შედეგი უკვე გამოიღო, ახლა კი პროტესტის კიდევ უფრო გაფართოებაა საჭირო. რაც შეეხება პროტესტის სათავეში ჩადგომას, ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი თვლის, რომ ეს სამოქალაქო ერთობაა და ამის საჭიროება არ არსებობს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ახალი პარტიების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე საუბრობს. სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მომდევნო არჩევნებს პარტიები და მოსახლეობა უფრო მომზადებული უნდა შეხვდეს.

ოპონენტების გეგმებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სერიოზულად არ აღიქვამენ მმართველ გუნდში, სადაც ოპოზიციას ურჩევენ, ყურადღება რეალურ საკითხებს დაუთმონ და თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ.

ლიზი ჩიმჩიურის რეპორტაჟი.