სალომე ზურაბიშვილის განცხადებები – შეფასება

15:16, 27.05.2025

პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა 26 მაისს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა და გზავნილები. გუშინ პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილებს ყოფილმა პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლებაზე გამარჯვებისთვის სამი კომპონენტია საჭირო – საზოგადოების ერთობა, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა და პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა, რომელსაც საზოგადოებაში მაღალი ნდობა ექნება. ამასთან, ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, დაყოს და იბატონოს. მისივე თქმით, არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი, ან კენჭისყრა ერთდროულად უნდა ჩატარდეს. ზურაბიშვილს გზავნილებით ოპოზიციის ნაწილი უკმაყოფილოა და მეტ სიცხადეს ელოდა, პოლიტიკოსების ნაწილი კი ზურაბიშვილის ინიციატივას ეთანხმება. სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გამოსვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია. მისი თქმით, სცენიდან ზურაბიშვილმა გამოხატა ძალიან ბუნდოვანი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე არშესვლასთან დაკავშირებით და კითხვის ნიშნები დატოვა, პირად პოზიციას აჟღერებდა თუ პლატფორმაზე არსებული ყველა პარტიის სახელით საუბრობდა. „იმედს ვიტოვებ, რიგი პოლიტიკური პარტიები ახლა მაინც დააფიქსირებენ მკაფიო პოზიციას. ერთობა და კოორდინაცია მნიშვნელოვანია იყოს მკაფიო და მყარ პრინციპზე დაფუძნებული“, – წერს მელია.

მსგავსი