ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის სასახლის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „რეზიდენციიდან გამოვიდა-არ გამოვიდა, ეს არაა საკითხისთვის დიდი მნიშვნელობის და გადამწყვეტობის მიმნიჭებელი. ფრუსტრაციისა და ხელის ჩაქნევისაც, არანაირად. იმ საკითხის გარკვევა, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მცდარია თუ სწორი, სასარგებლოა, უსარგებლო თუ საერთოდაც დამაზიანებელი, ჩემი აზრით, საერთოდ არ გადის იმ ხაზზე, ის რეზიდენციაში უნდა დარჩენილიყო, თუ იქედან უნდა გამოსულიყო. თუ ვინმე ცდილობს, დაადასტუროს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქმედებების სიმცდარე დღევანდელი დღის გადასახედიდან, „არ უნდა გამოსულიყო“ არგუმენტი არარელევანტურია. თუმცა, ზუსტად ამგვარადვე, მისი პრეზიდენტის სასახლიდან გამოსვლა ასევე არანაირად არაა მისი ქმედებების სისწორის დასაბუთებისთვის საკმარისი არგუმენტი და მხოლოდ იმაზე მეტყველებს, ზურაბიშვილის ქმედებათა ჯამიდან ერთი კონკრეტული და არცთუ მნიშვნელოვანი ელემენტი ასე გადაწყდა თუ იმგვარად. მხოლოდ ამაზე და მეტი თითქმის არაფერზე“. – წერს ნიკა გვარამია.