სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა – ეს გადაწყვეტილება საქართველოს უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა სასახლის ეზოში, ინაუგურაციის პარალელურად გააჟღერა. სწორედ ამ დროს, ორბელიანის მოედანზე მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები მის მხარდასაჭერად იყვნენ შეკრებილები. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის გადის ხალხში და თან მიაქვს ლეგიტიმურობა, რადგან მიხეილ ყაველაშვილი, მისივე თქმით, არალეგიტიმური პარლამენტის, არალეგიტიმური პრეზიდენტია. კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად ზურაბიშვილი ხელახალ არჩევნებს ასახელებს, რომელსაც ის გარდაუვალად მიიჩნევს.

კონკრეტულად რა გეგმა აქვს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია, დღეს თქვა მხოლოდ ის, რომ ახალი არჩევნებისთვის საჭირო დოკუმენტზე ოპოზიციასთან ერთად იმუშავებს და დაეხმარება პოლიტიკურ ძალებს იმისათვის, რომ ხელახალ არჩევნებს მომზადებულები შეხვდნენ.

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გეგმების გაცხადების შესახებ ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მან დღეს 10 საათზე მოქალაქეებსა და მედიას ორბელიანების მოედანზე მისვლისკენ მოუწოდა.

სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან.