სად და რა ფორმით გააგრძელებს სალომე ზურაბიშვილი ბრძოლას? – საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლე დატოვა. თუმცა, მანამდე ორბელიანების მოედანზე მოქალაქეები და ოპოზიციონერი ლიდერები შეკრიბა და სიტყვით მიმართა. გეგმები ჯერ ბუნდოვანია, თუმცა ამბობს, რომ გადის ხალხში და თან მიაქვს ლეგიტიმაცია. პარალელურად, ის ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, შესაბამის დოკუმენტზე მუშაობას აანონსებს. ასევე დახმარებას დაჰპირდა იმ სამოქალაქო ძალებს, რომლებიც, მისივე თქმით, პროტესტის მიმდინარეობისას გამოიკვეთენ. ოპოზიციაში სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას იწონებენ და მას ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებენ. მმართველ გუნდში კი მის პოლიტიკურ ფიგურასა და გეგმებს სერიოზულად საერთოდ არ აღიქვამენ.