სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი - ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში  

სალომე ზურაბიშვილის ბოლო გზავნილმა ოპოზიციურ ფლანგზე უკმაყოფილება გამოიწვია.

აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც ოპოზიციის კოორდინაციის აუცილებლობაზე მიუთითებს და ამბობს, რომ მისი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასდროს ყოფილა. და ეს მაშინ, როცა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე თუ შემდეგ თვეების განმავლობაში ორბელიანების სასახლიდან ოპოზიციური პარტიების მიმართ მთავარი მოწოდება სწორედ გაერთიანება იყო. თუ ახლა ექს-პრეზიდენტისთვის გაერთიანება გარედან შემოგზავნილი თემაა, ერთობის მიღწევა მიზნის მიღწევის მთავარ გზად ესახება ოპოზიციური სუბიექტების ნაწილს. მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის ლიდერთა ტონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ საკმაოდ გამწვავდა. ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერთა ნაწილი ყოფილ პრეზიდენტს აქტუალურად არ მიიჩნევს და მას პრეზიდენტადაც აღარ მოიხსენიებს. ფაქტია, რომ უკვე თვეებია, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების მიღწევას ყოფილ პრეზიდენტთან, როგორც მათ მიერ ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტად მიჩნეულ პოლიტიკოსთან ერთად ცდილობს და მას პროცესების მთავარ მაკოორდინერებლად მიიჩნევს. თუმცა ბოლო პერიოდში ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერები ექს-პრეზიდენტის მიმართ საჯარო კრიტიკას აღარ ერიდებიან.