რა გეგმით და ვისთან ერთად განაგრძობს ქვეყნის ხელისუფლებასთან ბრძოლას ექსპრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ორბელიანების სასახლე ექვსწლიანი მოღვაწეობის შემდეგ გუშინ დატოვა, როგორც ირკვევა კონკრეტულ გეგმებზე ახალი წლის შემდეგ ისაუბრებს. თუმცა, გუშინდელმა გამოსვლამ, სადაც რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები დააანონსა და ახალ ძალებს პოლიტიკაში ჩართულობის შემთხვევაში დახმარებას დაჰპირდა, დამატებითი კითხვის ნიშნები გააჩინა. რამდენად კმაყოფილია ზურაბიშვილი ბარიერგადალახული ოპოზიციით, ხომ არ გეგმავს თავად შექმნას ახალი პარტია ან ვისთან აპირებს კოალიციას – ხელახალი არჩევნების დანიშვნა ექს-პრეზიდეტნისა და ოპოზიციის საერთო მოთხოვნაა, თუმცა რა ფორმით უნდა მოხდეს ამ მიზნის მიღწევა სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაირკვევა. მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის სტატუსის გარეშე სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გზები გაიყოს. ხელახალ არჩევნებზე საუბრისას კი „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მომდევნო არჩევნები 2028 წელს ჩატარდება.