სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის გეგმა 

საერთაშორისო ზეწოლის ფონზე ოპოზიციასთან კოორდინაციაში მყოფი სალომე ზურაბიშვილი ახალ გეგმას აანონსებს.

ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამოქმედო სტრატეგია ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებასთან ერთად კოალიციური მთავრობის ფორმირებასაც გულისხმობს. როგორც ჩანს, ინიციატივა შეთანხმებული არ იყო მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, რადგან კოალიციური მინისტრთა კაბინეტის შექმნის იდეამ პოზიციები ამჯერადაც გაყო. გეგმის მიმართ საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება პირველ რიგში იმ პოლიტიკურმა ძალამ გამოთქვა, რომელიც ექს-პრეზიდენტის მიერ შექმნილ წინააღმდეგობის პლატფორმაში საერთოდ აღარ მონაწილეობს. „ნაციონალური მოძრაობისგან“ გასხვავებით, ზურაბიშვილის გეგმას სრულად იზიარებენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დიპლომატებთან შეხვედრას თავადაც ესწრებოდნენ. თამუნა წიკლაური არკვევდა, მოახერხებს თუ არა კოალიციური მთავრობის ფორმირების გარშემო პოზიციების დაახლოებას წინააღმდეგობის პლატფორმა, რომლის წევრ ოპოზიციურ ძალებს შორის უთანხმოება უკვე არაერთ საკითხზე გამოვლინდა.