სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ის ეუთო/ოდირის დასკვნის საფუძველზე ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს, პოლიტიკოსები ეხმაურებიან. პრეზიდენტის ამ აზრს სრულად იზიარებს ოპოზიცია, ხელისუფლებაში კი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს სერიოზულად არ აღიქვამენ და ახსენებენ, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა ერთ კვირაში იწურება.
განცხადება ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გუშინ გააკეთა. მან გამოთქვა მზადყოფნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდეს. მისივე თქმით, უნდა მოხდეს ზეწოლა ივანიშვილზე, რომ ახალი არჩევნები დანიშნოს და ამისთვის კონსტიტუციური ფორმების მოფიქრება ძალიან მარტივია. პრეზიდენტმა დღეს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ საღამოს პარლამენტთან მივა და აქციის მონაწილეებს მიმართავს. ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილთან ერთად ოპოზიციის, სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.