სალომე ზურაბიშვილის ბოლო ანგარიში პარლამენტში

რიტორიკა არც დღეს შეცვლილა – პრეზიდენტის ტონი „ქართული ოცნების“ მისამართით შერბილების ნაცვლად მკაცრდება.

პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლამ სახელისუფლებო შტოებს შორის დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა. დღეს პირველად სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ბიძინა ივანიშვილს კითხვებით მიმართა, მმართველი პარტიის დამფუძნებლისადმი მიმართვა კრიტიკული შინაარსის იყო. კრიტიკა სახელმწიფოს მეთაურს პრემიერობის კანდიდატისთვისაც არ დაუკლია. ერთპიროვნული მმართველობა, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო, ანტიდასავლური რიტორიკა, ელიტური კორუფცია, სახელმწიფო შტოებს შორის მოშლილი ბალანსი და წაშლილი ზღვარი მთავრობასა და პარტიას შორის – ასეთი იყო მთავარი აქცენტები სალომე ზურაბიშვილის გამოსვლიდან. ბოლო სამთავრობო ცვლილებებიც პრეზიდენტისთვის ძალაუფლების გამყარების მცდელობაა. სალომე ზურაბიშვილი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს მმართველობის ახალი მოდელის არჩევის კონტექსტში განიხილავს.

პრეზიდენტის გამოსვლას მმართველი გუნდის ლიდერთა საკმაოდ მძიმე რეაქციები მოჰყვა.