სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდელ ამომრჩეველს შეხვდა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს საკუთარ გზავნილებზე მოუწია დღეს კიდევ ერთხელ განმარტებების გაკეთება. საუბარია იმ განცხადებებზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და კანაფის კულტივირებას ეხება.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მის წინააღდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, რაც მის დისკრედიტაციას ემსახურება. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე დამოუკიდებელმა კანდიდატმა მის პროგრამულ პრიორიტეტებზეც ისაუბრა, სადაც პირველი ადგილი სწორედ ქვეყნის გამთლიანებას უჭირავს.

შეხვედრა ზუგდიდში ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო. დარბაზთან შეკრებილების ნაწილი ახალგაზრდობის სასახლეში არ შეუშვეს. მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთან შეკითხვები აქვთ, რაც 1991 წლის გადატრიალებასა და 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება.

მოგვიანებით, ვითარება განიმუხტა და მსურველებმა დარბაზში შესვლა შეძლეს. თუმცა, ხმაური უშუალოდ შეხვედრაზეც გაგრძელდა. რამდენიმე ადამიანი კანდიდატს კრიტიკული შეძახილებით შეხვდა.