სალომე ზურაბიშვილი დღეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. უკვე ცნობილია, რომ მსოფლიო ლიდერებს ის ინგლისურ ენაზე მიმართავს.

ქართული დელეგაციის ინფორმაციით, მთავარი თემა ოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზების ძიება და უკანონო ბორდერიზაციის შეჩერებაზე საერთაშორისო თანამეგობრობის როლი იქნება.

ოკუპაცია ბოლო ორი დღის განმავლობაში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჩატარებული იმ ორმხრივი თუ მრავალმხრივი შეხვედრების მთავარი თემაა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და ქართული დელეგაციის წევრები გაეროს შტაბ-ბინაში მართავენ.

საქართველოს პირველი დიპლომატის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ქართული მხარე ეძებს ახალ გზებს და უფრო ეფექტურ საშუალებებს საოკუპაციო პროცესების შესაჩერებლად.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.