ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წარუდგინეს

ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ადვოკატი ედიშერ ქარჩავა, უკვე ესაუბრა ირაკლი კაკულიას, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობს და სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

დატოვე კომენტარი