საკრებულოს სხდომა ოზურგეთში

ხმაური იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. დაპირისპირება სხდომაზე ინიციირებულ საკითხს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს ხელფასები გაიზრდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სხდომაზე ინიციატივით გამოვიდნენ. მათ საკრებულოს წევრების ხელფასების ზრდის გადადება და ამ თანხით საბავშვო ბაღების და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასების გაზრდა მოითხოვეს. ინიციატივის წარდგენა დაპირისპირებაში გადაიზარდა. „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ უმრავლესობამ პროექტი დაამტკიცა, ოპოზიციამ მას მხარი არ დაუჭირა. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.