საკრებულოს სხდომა ბორჯომში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ხმაურის ფონზე მიმდინარეობს საკრებულოს სხდომა ბორჯომში.

დღის წესრიგით, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა გათვალისწინებული არ არის. ამის გამო ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომის შეჩერებას და დღის წესრიგში საკითხის დამატებას ითხოვენ.

პროტესტი ლეიბორისტული პარტიის წევრმა გამოთქვა. დეპუტატი ამტკიცებს, რომ სხდომა კანონის დარღვევით მიმდინარეობს. პოზიციას პატრიოტთა ალიანსის წევრებიც იზიარებენ.

საკითხის დამატებას დღის წესრიგში ქართული ოცნება სავალდებულოდ არ თვლის. დეპუტატების აზრით, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა მომავალი სხდომისთვის უნდა გადაიდოს.

დაპირისპირების გამო, საკრებულოს სხდომის წარმართვის საშუალება არ მიეცა უხუცეს წევრ ანდრო თედიაშვილს. სხდომაზე გამოცხადდა ნახევარსაათიანი შესვენება. ბორჯომის საკრებულო ერთადერთია, სადაც ოპოზიცია უმრავლესობითაა წარმოდგენილი.

შესვენების შემდეგ, ბორჯომის საკრებულოს სხდომა ქართული ოცნების წევრების გარეშე მიმდინარეობს.