საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა დღეს არ შედგა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწვეულ შეკრებას უმრავლესობის წევრები არ დაესწრნენ. ოპოზიციურ პარტიას დედაქალაქის მოქმედ და ყოფილ მერებთან და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან დამატებითი შეკითხვები ჰქონდა მეტროსადგურ ვარკეთილში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

„ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხდომაზე  „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებიც მივიდნენ, თუმცა, ქვორუმის არარსებობის გამო, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა.

პოლიტიკური უკულტურობის გამოვლინება – ასე შეაფასა ოპოზიციამ ხელისუფლების გადაწყვეტილება. „ქართული ოცნების“ საკრებულოს უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ ოპოზიცია პოლიტიკური შოუს მოწყობას ცდილობს.

სხდომაზე არ დასწრების გადაწვეტილებას მმართველი გუნდი იმით ხსნის, რომ მეტროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საკრებულოში გაერთიანებული კომისიების სხდომაზე პარასკევს უკვე იმსჯელეს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრთა თქმით, თბილისის ვიცე-მერმა და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ოპოზიციის შეკითხვებს უკვე უპასუხეს.