საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება 

ეპიდემიოლოგიურ მონაცემებში ვითარების დასტაბილურების ნიშნებია.

ეპიდემიოლოგების დაკვირვებით, ქვეყანამ მესამე ტალღის პიკი პრაქტიკულად გადაიარა და ახლა პიკური პერიოდის დაღმასვლის ეტაპზეა. ბოლო დღეების სტატისტიკიდან გამომდინარე, საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქება იწყება. კომენდანტის დრო მცირდება და საღამოს ცხრა საათის ნაცვლად მოქალაქეებს გადაადგილება ღამის 11 საათზე შეეზღუდებათ. რამდენიმე თვიანი აკრძალვის შემდეგ შაბათ-კვირას ღია სივრცეში მუშაობის უფლებას იღებენ კაფე-რესტორნებიც. გადაწყვეტილება მიღებულია – ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას არ ელოდება და ექსპერტთა საბჭოს შუალედურ დასკვნაზე დაყრდნობით მომავალი კვირიდან კიდევ ერთი ჩინური ვაქცინის, „სინოვაკის“ გამოყენებას იწყებს.