საკონტიტუციო სარჩელის განხილვა
ერთკვირიანი პაუზის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ რეზონანსული საქმის განხილვა განაახლა.
პარტიების აკრძალვის სარჩელზე მიმდინარე პროცესი დღესაც ხმაურიანად და შელაპარაკების ფონზე წარიმართა. კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადასვლამდე ორმა ოპოზიციურმა პარტიამ მორიგი შუამდგომლობები დააყენა, ნიკა გვარამიას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, „ლელოსი“ კი, ნაწილობრივ. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ ნაწილში გათვალისწინებული იქნება ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის მოთხოვნა სარჩელში მითითებული მტკიცებულებების გამოკვლევაზე. შვიდწევრიან პლენუმთან შელაპარაკება და მოსარჩელე მხარის პროტესტი მოჰყვა პარტია „ახალის“ შუამდგომლობის შინაარსს. ნიკა გვარამია ითხოვდა, რომ პარტიების აკრძალვის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხევაში მისი ამოქმედების ერთიანი თარიღი დადგენილიყო და ის გადაწყვეტილების მიღებიდან ერთ თვეში ამოქმედებულიყო. ახლა პროცესი კითხვა-პასუხის ეტაპზე გადადის. ასაკრძალთა სიაში შესული ხუთივე პარტია მმართველი გუნდის სასარჩელო მოთხოვნას სამართლებრივად უსაფუძვლოდ აცხადებს, მასში მოყვანილ მტკიცებულებებს კი აბსურდად მიიჩნევს. პარტიების მიმართ ბრალდებების და პრეტენზიების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოპასუხე მხარის მოთხოვნად რჩება.