საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება

12:04, 20.10.2026

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალიდან იწყება. დეტალებზე ინფორმაციას ავრცელებს თავად სასამართლო. განცხადებაში ვკითხულობთ: „ 21, 22 და 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების – ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველო – ლელო”, „ფედერალისტებისა” და „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე. სარჩელის ავტორთა მოსაზრებით, ნათლად დასტურდება კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ხუთივე პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების დარღვევა, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობაში უკვე გამოიხატა, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის სამომავლო მიზნის არსებობაში ვლინდება. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით, საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასების ნაწილში ასევე დამატებით აქტუალურია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კონსტიტუციური საფუძვლები. საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს“ – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი