საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

მწვავე კრიტიკის სამიზნე ხდება საკონსტიტუციო სასამართლო.

წარმოებაში არ მიიღეს პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის სარჩელები, სადაც არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვდნენ. ეს ნიშნავს, რომ სასამართლომ კონსტიტუციური ნორმების დარღვევის საფუძვლები ვერ დაინახა. გადაწყვეტილებას ხელს აწერს შვიდი მოსამართლე, განსხვავებული პოზიციები აქვს ორ მოსამართლეს – ისიც სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში. საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნას სალომე ზურაბიშვილი ხმის ფარულობის და თავისუფალი არჩევნების უფლების დარღვევით ხსნის. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელები დასახელდა თავის დროზე მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების არალეგიტიმურობის ერთ-ერთ არგუმენტად. მძიმეა პრეზიდენტის რეაქცია. სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს ქვეყანაში ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტად მიიჩნევს და სარჩელების წარმოებაში არ მიღებას კონსტიტუციის გათელვად აცხადებს. მოსამართლეებს მწვავედ აკრიტიკებენ უფლებადამცველები. გადაწყვეტილების შეფასების დროს პრეზიდენტის გვერდით დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეც იდგა.