საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე – „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, უმეტეს ნაწილში გაითვალისწინა მოსარჩელის პოზიციები და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.  ამ ინფორმაციას ეხმაურება  „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ  საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, როგორც პრეცედენტული, გიორგი რურუას საქმეზეც უნდა აისახოს. გიორგი რურუა  სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლის ვადით შეუფარდა. გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.