საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
ცხარე კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება – საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პაექრობის ეტაპზე გადავიდა.
საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა სარჩელის ავტორებსა და პარტიებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმის პირველი დღე. კონკრეტული კითხვების დასმამდე, მოსარჩელე მხარემ სასამართლო დარბაზში ის ციტატები წაიკითხა, რომლებიც მმართველი გუნდის შეფასებით ოპოზიციური პარტიების მხრიდან ძალადობრივი აქციების წახალისებას და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის სურვილს ადასტურებს. სწორედ ამ პროცესმა გამოიწვია პროტესტი, ოპოზიციურმა პარტიებმა მოსამართლეს თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე მიანიშნეს. არანაკლები ხმაური მოჰყვა კითხვების შინაარსსაც. 2008 წლის აგვისტოს ომზე დასმულმა კითხვამ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მხარდაჭერილი, ევროსაბჭოს ცნობილი რეზოლუციიდან ამონარიდის წაკითხვამ, მოპასუხე მხარის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია. დაპირისპირების მიზეზი გახდა კონსტიტუციის 78-ე მუხლი და სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობის აღიარებასთან დაკავშირებული კითხვებიც. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მხარეებს სიმშვიდისკენ არაერთხელ მოუწოდა.
ნათია ქენქაძე ადევნებდა თვალს ხმაურიან სხდომას.