საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
„ლელო“ მოსამართლეთა შვიდწევრიანი პლენუმის კრიტიკული შეკითხვების მთავარი ადრესატია. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ახალის“ შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში კითხვებს ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია პასუხობს.
2019 წელს შექმნილ პოლიტიკურ გაერთიანებას განმარტებების გაკეთება უწევს იმ ქმედებებზე, რომლებსაც მოსარჩელე მხარე, ანუ „ქართული ოცნება“ საბოტაჟად, კონსტიტუციური წყობის არ ცნობად და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოკავშირეობად მიიჩნევს. მოსამართლეები დაინტერესდნენ, რატომ არ აღიარა პარტიამ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რატომ გამოაცხადა ხელისუფლება არალეგიტიმურად და რატომ თქვა უარი საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე. არის თუ არა მსგავსი ქმედებები უპასუხისმგებლობის და პოლიტიკური უმწიფრობის გამოხატულება – ასე იყო ერთ-ერთი შეკითხვა ფორმულირებული. კითხვები დაისვა იმაზეც, იყო თუ არა საერთაშორისო სანქციების ამოქმედების მოთხოვნის თანაავტორი „ლელო“ და მიიჩნევენ თუ პოლიტპატიმრად ტერორიზმის მცდელობაში ბრალდებულ ალეკო ელისაშვილს, რომელთანაც წინასაარჩევნოდ კოალიციურ ფორმატში თანამშრომლობდნენ.
20 ივნისის მოვლენები, გიორგი გახარიას გადადგომის მიზეზი, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საკრებულოებში თანამშრომლობა – კითხვებს უპასუხა ექს-პრემიერის გუნდმაც. პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა ხვალიდან ახალ ეტაპზე გადადის. იწყება მხარეებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმი.