საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
ხუთი პარტია 7-წევრიანი პლენუმის გადაწყვეტილების მოლოდინში. პარტიების აკრძალვის საქმის ხმაურიანი განხილვა გრძელდება – საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი კითხვა-პასუხის ეტაპზეა.
დღეს სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ პარტია „ახალის“ ლიდერი და წევრი მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა. მოსარჩელე მხარეს კითხვებს უსვამენ მოსამართლეებიც – რამდენად იცავს სარჩელი პოლიტიკურ პლურალიზმზე დემოკრატიულ პრინციპს, შეერაცხებათ თუ არა წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი ქმედებები წლების შემდეგ შექმნილ პარტიებს, პარტიის არაკონსტიტუციურად მიჩნევის რა სტანდარტით ხელმძღვანელობს მოსარჩელე – ეს მოსამართლეების მიერ დასმული შეკითხვების ნაწილია. ბრალდებების გამიჯვნა და დაკონკრეტება, თუ რომელ პარტიას რა ქმედების ჩადენას ედავებიან, მოპასუხე მხარის მოთხოვნაა. მმართველი გუნდის პოზიციაა, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი ქმედებების არ დაგმობა და არ გამიჯვნა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციების შექმნა წლების წინანდელ ფაქტებზე პასუხისმგებლობის გაზიარებაა.