საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 

21:24, 30.10.2026

ხუთი პოლიტიკური პარტია სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში. სანამ შვიდწევრიანი კოლეგია პარტიების აკრძალვის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოიტანს, ასაკრძალთა სიაში შესული პარტიების ლიდერები შესაგებელ სიტყვას ამბობენ. ახსნა-განმარტებების ეტაპი დასრულდა – 9 ნოემბრიდან პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. დღეს საკუთარი პოზიციებით „ლელოს“ და გახარიას პარტიების წარმომადგენლები წარდგნენ. ორივე შემთხვევაში მოთხოვნილი იყო კოლექტიურის ნაცვლად საქმეების გამიჯვნა და პარტიების მისამართით ბრალდებების და პრეტენზიების განცალკევება. საბოტაჟი, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, კონსტიტუციური წყობილების არ ცნობა – ხაზარაძე-ჯაფარიძის და ყოფილი პრემიერის პარტიები სარჩელში მითითებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობაში არაკონსტიტუციურ ქმედებებს გამორიცხავენ. სასარჩელო მოთხოვნაში საუბარია 20 ივნისის მოვლენებზე და სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს განთავსებაზეც. ექს-პრემიერის პარტიამ დღეს ყოფილ თანაგუნდელებს შეახსენა, რომ ორივე მოვლენის შემდეგ მათი ლიდერი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან პრემიერად დააწინაურეს. დარბაზში იყო არაერთი შელაპარაკება, ვითარების გასანეიტრალებლად საჭირო გახდა კოლეგიის თავმჯდომარის ჩართვა.

მსგავსი