საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
მეორე კვირაა, საზოგადოება პარტიების აკრძალვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს. ოპოზიციის შუამდგომლობების არ დაკმაყოფილების შემდეგ ასაკრძალთა სიაში შესული პოლიტიკური ძალები ახსნა-განმარტებებს წარმოადგენენ. ცხრა ნოემბრიდან კი პროცესი უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდება. დღეს შესაგებელი სიტყვით „ახლების“ და „ლელოს“ ლიდერები წარდგნენ. არჩევნების შედეგების არაღიარება, კონსტიტუციური წყობილების არცნობა, საბოტაჟი, კონკრეტული დანაშაულების და ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების შესახებ მომზადებული საპარლამენტო დასკვნა-არგუმენტებს, რომლითაც მმართველი გუნდი საკუთარ სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს, მოპასუხე მხარე სამართლებრივად დაუსაბუთებლად აცხადებს. საკმაოდ მწვავე იყო გამოსვლის დროს „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომელმაც მოსარჩელე მხარე კონსტიტუციური გადატრიალებისთვის მზადებაში დაადანაშაულა. „ლელოს“ ლიდერებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ პარტია 7 წლის წინ შეიქმნა, საპარლამენტო ბოიკოტი და მანდატებზე უარი კი პოლიტიკური უფლება და პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია. სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა, ვითარების გასანეიტრალებლად მოსამართლეებს მოუხდათ ჩართვა, რომლებსაც მოპასუხე მხარის კრიტიკული განცხადებების მოსმენა საკუთარი მისამართითაც უწევთ.