საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
ოპოზიციის შუამდგომლობების არ დაკმაყოფილების შემდეგ ხუთი პარტიის აკრძალვის საქმე ახსნა-განმარტებების ეტაპზეა. ხვალ საკუთარ პოზიციას „ლელო“ წარმოადგენს, დღეს კი გამომსვლელი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყო. პარტია სამართლებრივად დაუსაბუთებლად აცხადებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელიც სარჩელის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. დასკვნაში წინა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე და კონკრეტულ ისტორიებზე დაყრდნობით არაერთ დანაშაულზეა საუბარი. ყოფილი მმართველი პარტიის პოზიციაა, რომ მითითებულ საქმეებზე ინდივიდუალური სამართლებრივი პასუხისმგებლობა უკვე დამდგარია. პარტია 2012 წლიდან დღემდე არაკონსტიტუციური ქმედებების ჩადენას კატეგორიულად უარყოფს, 2016 წლის შემდეგ არჩევნების შედეგების არ აღიარებას კი, რაც მოსარჩელე მხარის ერთ-ერთი სამართლებრივი არგუმენტია, ოპოზიციის უფლებად და მოვალეობად აცხადებს. დღესაც მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა 7-წევრიანი კოლეგიის ამჯერად ორი მოსამართლე.