საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა

საკონსტიტუციო სასამართლოში პორნოგრაფიის უკანონო გავრცელებასთან დაკავშირებული სარჩელის არსებით განხილვაზე კინომცოდნე გიორგი გვახარიას მოუსმინეს.

პროცესზე ის ექსპერტის რანგში იყო მიწვეული. სარჩელი სახელწოდებით, „საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ საკონსტიტუციო სასამართლოში მეოთხე წელია განიხილება.

მოსარჩელე სადავოდ ხდის რეგულაციას, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად აცხადებს პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონო გავრცელებას ან რეკლამირებას, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობას ან შენახვას მისი გაყიდვის ან გავრცელების მიზნით.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ბუნდოვანია, რადგან კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რა არის პორნოგრაფია, ან რას ნიშნავს უკანონო ან კანონიერი გავრცელება.