საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
საკონსტიტუციო სასამართლო მოვლენების ეპიცენტრში რჩება. დღე მეორე-ხუთი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვამ დღესაც ხმაურიანად ჩაიარა. ისევე როგორც გუშინ, არ დაკმაყოფილდა მოპასუხეების არცერთი შუამდგომლობა. მათ შორის არც პარტია „ახალის“ ლიდერის ის შუამდგომლობა, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში დასახელებული მოწმეების გამოძახებას და მასში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენას ეხებოდა. საბოტაჟთან და კონსტიტუციური წყობის ხელყოფასთან ერთად სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებთან დაკავშირებული დასკვნაა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომლითაც მმართველი გუნდი ხუთი პარტიის აკრძალვაზე საკუთარ სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს. შუამდგომლობების შინაარსის გათვალისწინებით მოსარჩელე მხარე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია პროცესის გაჭიანურებას ცდილობს. დიდი ალბათობით, პროცესი მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება-მხარეები ჯერ მტკიცებულებების დასაშვებობების ეტაპზე არიან და არსებითი განხილვა არ დაწყებულა. დარბაზში ვითარება არაერთხელ დაიძაბა: ოპოზიციონერი აქტორების კრიტიკის და ბრალდებების მოსმენა უწევთ კოლეგიის წევრ მოსამართლეებსაც. მოპასუხე მხარის ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია სარჩელის ბუნდოვანებას ეხება. პარტიები ითხოვენ, დაზუსტდეს, რომელ პოლიტიკურ ძალას რა ბრალდება და პრეტენზია მიემართება.