საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
დღეს 12 საათზე განახლდება სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში. ქვეყნის ისტორიაში პირველად, საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე მსჯელობს. გუშინდელი პროცესი, რომელიც ძირითადად ოპოზიციის შუამდგომლობების განხილვას დაეთმო, თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა, მოსამართლეთა პლენუმმა არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მათ შორის გახარიას პარტიის მოთხოვნა მათი საქმის ცალკე გამოყოფის შესახებ, ისევე, როგორც მოთხოვნა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის და ლევან ხაბეიშვილის დასწრების შესახებ. სხდომა კამათისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა, სასამართლო დარბაზის დატოვება მოუწია რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსსაც.
სხდომის პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციაც მიმდინარეობდა. „დემოკრატიის გაუქმება, ერთპიროვნული მმართველობის დაკანონება და მოქალაქეთა არჩევანის უგულებელყოფა“ – ასე აფასებენ ოპოზიციაში მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებულ პროცესებს. მმართველი გუნდის ოპონენტები ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, ეს პროცესი კი – მხოლოდ ფორმალობაა.
„ქართულ ოცნებაში“ კი – განმარტავენ, რომ აღნიშნული პარტიები წლების განმავლობაში თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, მოქმედებდნენ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ცდილობდნენ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას, რაც, ამ პარტიების აკრძალვის პირდაპირი საფუძველია.
თამუნა წიკლაურის ჩართვა #მოამბე