საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა

21:26, 21.10.2026

ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო სამართლებრივი დავა დაიწყო: საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ სარჩელს განიხილავს.

ცხრა საათის წინ დაწყებული პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ასაკრძალთა სიაშია ხუთი პოლიტიკური ძალა, მათგან ოთხს ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი აქვს გადალახული. პროცესი ხმაურიანი განცხადებების, ურთიერთბრალდებების და აქციის ფონზე მიმდინარეობს. პარტიების მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა კოლეგიის შემადგენლობაც ერთ-ერთი შუამდგომლობა სწორედ მოსამართლეების აცილება იყო. სარჩელს იხილავენ ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი მოდებაძე, სერგო მეთოფიშვილი, გოგა კიკილაშვილი და რევაზ ნადარაია. არ დაკმაყოფილდა მოპასუხე მხარის არცერთი შუამდგომლობა, მათ შორის გახარიას პარტიის მოთხოვნა მათი საქმის ცალკე გამოყოფაზე. ისევე როგორც მოთხოვნა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის და ლევან ხაბეიშვილის დასწრების შესახებ. მოქალაქის კონსტიტუციური ნების ხელყოფა თუ პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღება – სხვა პრეტენზიებთან ერთად „ქართული ოცნება“ სამართლებრივ არგუმენტებად ასახელებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებზე-მოპასუხე მხარის მოთხოვნის მიუხედავად, დასკვნა სარჩელს მტკიცებულებად დაერთვება.

მსგავსი