საკონსტიტუციო სარჩელი – შეფასებები
ზუსტად სამ დღეში საკონსტიტუციო სასამართლო, 88 დეპუტატის მიერ მომზადებული კონსტიტუციური სარჩელის არსებით განხილვას იწყებს. ხუთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ, სხდომაზე „ქართული ოცნების“ ოთხი დეპუტატი იქნება.
„ლელო“, კოალიცია „ცვლილებისთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“ – სამი დღის განმავლობაში, სწორედ ამ თანმიმდევრობით დაიწყება სარჩელის არსებითი განხილვა. მმართველ გუნდში ხაზგასმით აცხადებენ, რომ მოსარჩელე მხარე პლენუმის წინაშე მყარი არგუმენტებით წარდგება. ბრალდებები კი ასეთია: სისტემური დანაშაულები, კონსტიტუციური წყობილების არაღიარება, საბოტაჟი და სახელმწიფო ინტერესების საზიანო საქმიანობა. რაც შეეხება თავად ოპოზიციის პოზიციებს, ნაწილი ინტერესების დაცვას სასამართლო დარბაზში, ნაწილი კი მის მიღმა გეგმავს. სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, აიკრძალება ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, ასევე მოთხოვნილია „ფედერალისტების“ აკრძალვაც.