საკონსტიტუციო სარჩელი - საია პარლამენტის წინააღმდეგ

მწვავე საპარლამენტო განხილვების შემდეგ მიღებული კანონი პოლიტიკურის შემდეგ სამართლებრივ სივრცეში ინაცვლებს. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, არღვევს თუ არა კონსტიტუციას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები, რომლის მიხედვით ხელისუფლებას 15 ივლისამდე გარკვეული შემზღუდავი ზომების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და პარლამენტთან შეთანხმების გარეშე შეუძლია.

საკონსტიტუციო სარჩელის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა“, რომელსაც მხარდაჭერას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც უცხადებს. მმართველი გუნდის მთავარი არგუმენტი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დროს ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლია, თუმცა ოპონენტების და მესამე სექტორის ნაწილი ცვლილებების მიღმა საფრთხეებს ხედავს.