საკონსტიტუციო სარჩელი
ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის შესახებ საქმის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალიდან განახლდება. მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი თავდაპირველად შეკითხვებს მოსარჩელე მხარეს დაუსვამს, შემდეგ კი – მოპასუხე მხარეს მოუსმენენ. სისტემური დანაშაულები, კონსტიტუციური წყობილების არაღიარება, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება და საბოტაჟი – ასეთია მოსარჩელე მხარის ბრალდებები ხუთი ოპოზიციური სუბიექტის მიმართ. ხელისუფლების ოპონენტები წარდგენილ ბრალდებებს არ ეთანხმებიან, მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად, აღნიშნული პარტიების აკრძალვა მნიშვნელოვანი საკითხია.