საკონსტიტუციო სარჩელი

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნებისთვის პრობლემის შექმნას გეგმავს“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც საია-ს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას ეხმაურება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მსგავსი სარჩელი რამდენიმე წლის წინ სასამართლოში „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ შეიტანა, თუმცა, მისი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა. მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელს, ანრი ოხანაშვილიც აფასებს, რომელიც აღნიშნავს, რომ თუკი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თვლიდა, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი, ამის შესახებ აქამდე უნდა განეცხადებინა.

„ქართული ოცნების“ ლიდერებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პასუხობს, რომელიც განმარტავს, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან და მნიშვნელობა არ ჰქონდა, როდის შეიტანდნენ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში. ასოციაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. მათი განმარტებით, გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, მცირერიცხოვან ოლქებში ამომრჩეველთა ხმას მრავალრიცხოვან ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთან შედარებით მაღალი წონა გააჩნია. წარდგენილი სარჩელით, საია განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები არღვევს ხმის თანაბარი წონის პრინციპს, რის გამოც, გასაჩივრებული ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს საარჩევნო და თანასწორობის უფლებებთან მიმართებით.

დატოვე კომენტარი