საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი

ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე სახალხო განხილვები იწყება. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტს აქვს ერთი კვირა იმისთვის, რომ ხელმოწერები გადაამოწმოს. ამავდროულად კომიტეტი მოამზადებს დადგენილების პროექტს, რომელსაც პარლამენტი შემდეგ სასესიო კვირაში განიხილავს და დადგენილებით შექმნის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას.

კომისია ერთი თვის განმავლობაში შეხვედრებს ჩაატარებს მოსახლეობასთან და განხილვის შედეგებს პარლამენტს გააცნობს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა. დოკუმენტი ეხება ქორწინების დეფინიციას, შვილად აყვანის საკითხებს და სქესის შეცვლის სამედიცინო სერვისებს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საგანმანათლებლო დაწესებულებებზე. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი წარმოდგენილ კანონპროექტს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას უკავშირებს.